მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია

20.10.26 12:13
მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ქენან ისმაილოვი თავისუფალია - ინფორმაციას "პირველებს" მარნეულიდან აწვდიან. 

ცნობილია, რომ 20 აგვისტოს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ქენან ისმაილოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქენან ისმაილოვი მიმდინარე წლის 7 აპრილს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მარნეულში ის ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირებას ბიზნესინტერესები უძღოდა წინ. მაშინ ადგილობრივები საუბრობდნენ, რომ ისმაილოვების გარემოცება პურის ფასის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდა და სხვა მეწარმეებზეც ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

მსგავსი სიახლეები