იცოდეთ, შვილები არ მომიკვდეს! - ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

20.10.26 16:37
იცოდეთ, შვილები არ მომიკვდეს! - ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

 

 

"იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს" - ამ სიტყვებით მიმართავს ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა ტყუპი ძმების მიმართ ციხეში მოწყობილ "ქურდულ გარჩევაზე" ისაუბრა, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მშობელი "ოცნების" დამფუძნებლისგან ითხოვს, "ფეხზე დააყენოს" მთელი პარლამენტი და მთავრობა და მისი შვილების მიმართ საპატიმროში ტერორი და ფიზიკური ანგარიშსწორება აღკვეთოს. 

"შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის" - ამბობს ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ნინო აბრამიშვილი. 

მე არ მჯერა იმის, რომ ბატონი ბიძინა ამ საქმეში ჩარეულია. საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ყველა მთავრობისთვის არის კრახი, როდესაც ციხეს ეხება. ყველა მთავრობის დასასრულია, როცა ციხეს ეხება. ციხის ბუნტი და ციხეში ასეთი რამის შემდეგ, მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს ციხის უფროსი. გენერალური პროკურატურა უკვე უნდა იჯდეს აქ, მე ვერავის ვერ ვხედავ აქ. მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებ, ხომ გვყავს ჩვენ მთავრობა? 

მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა დამეხმარეთ - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში.  იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს - მარტო შუბლში ტყვია და მე იმ ტყვიასაც მივიღებ, თუ მესვრით, მაგრამ მე გთხოვთ, როგორც დედა გთხოვთ, დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, აი ჩვენი ჯიბიდან რომ იღებენ ხელფასს, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს, პირველ რიგში, თქვენთვის მთავრობისთვის იქნება ცუდი. მე არ ვითხოვ რომ გაათავისუფლოთ ჩემი შვილები, შეიძლება მე ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ისინი ჩემი შვილები არიან და ის, რომ ქურდული "რაზბორკები" მოუწყონ ჩემს შვილს ციხეში და მთავრობამ ეს არ იცოდეს, მაშინ მე არ ვიცი რა ხდება, მაშინ არ ვყოფილვართ, როგორც ქვეყანა", - ამბობს ნინო აბრამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ არ გამორიცხა, რომ  შვილებზე ციხის საკანში  მოწყობილი სასტიკი ანგარიშსწორება ერთ-ერთი მათგანის მობილურ ტელეფონში შენახულ შესაძლო მტკიცებულებებს უკავშირდებოდეს.

გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა "პირველებს" მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა მიაყენა, რის შემდეგაც ძმებმა ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ტყუპების დაკავაბა: 

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც. 

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან. 

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა - ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება: 

 ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს. 

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.