საგამოძიებო: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტი დაამზადეს და 49 300 ლარი მიითვისეს
საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.
ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.