ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალებიც აქვს დაზიანებული
"დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული" - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" დაკავებულის "ბიბამედში" მონახულების შემდეგ, ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი კლინიკაში დატოვონ, რადგან ფექირიშვილის მდგომარეობას დააკვირდნენ.
გოგიაშვილის განცხადებით, 40 წლის დავით ფეიქრიშვილს გუშინ მარცხენა ხელის მტევანზე ოპერაცია ჩაუტარდა, მარჯვენა ხელზე კი თაბაშირი დაადეს, რადგან თითი მოტეხილი აქვს.
გუშინ მას ოპერაცია ჩაუტარდა, მარცხენა ხელის მტევანი იქნა გაკერილი, მარჯვენა ხელზე თაბაშირია დადაებული, მოტეხილი აქვს თითი. ასევე მასთან საუბრის დროს, ექიმის გადმოცემით, გავარკვიეთ, რომ მოტეხილი აქვს ხერხემლის მალები, ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და სისხლნაჟღეთები აქვს თავის და სახის არეში"- განაცხადა "პირველებთან" პაატა გოგიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი ითხოვს, ციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმე არა იუსტიციის სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ აწარმოოს.
წერილობითაც მივმართავ დღეს გენერალურ პროკურატურას, ვინაიდან [იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური] არის ერთი სისტემა და შეიძლება მოხდეს ვიღაცეებზე ხელის დაფარება. აქედან გამომდინარე, ვითხოვ გამოძიებას [პროკურატურის მხრიდან], ვითხოვთ თუ არსებობს კადრები, ამ კადრების ამოღებას.
ცემის მომენტში ესენი ეუბნებოდნენ, რომ პოლიციას აინტერესებდა iCloud-ის კოდები. ახალი ტელეფონი თუ აქვს, ესე იგი, ორი წლის შემდეგ წვდომა აქვს სახელწმიფოს რომ გახსნას.
არ ვიცი, შესაძლებელია [ტელეფონში] რაღაც იყოს, შეიძლება იყოს პირადი ინფორმაცია"- დასძინა იურისტმა.
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.
ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ოჯახის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.
ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.