ენმ საკონსტიტუციოში სააკაშვილის მიყვანას ითხოვს: "საინტერესოა, რა კითხვას დაუსვამს მას თენგიზ შარმანაშვილი"
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში.
- აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაშ მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის.
რადგან სარჩელი ეხება 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
პირველი ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით და მეორე ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი პოზიციაც ამ წლებთან დაკავშირებით და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის ჩათვლით, არის არსებითად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ და გაიგონ“, - განაცხადა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.