სამი დეპარტამენტი გაუქმდა ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა იყო.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებისა და მათი მიზნების შესახებ.
ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების უფრო მკაფიო განაწილებით არსებული პროფესიული რესურსის ისე გაერთიანება და კონცენტრირება, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აპარატის შიგნით კიდევ უფრო კოორდინირებული, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
რეორგანიზაციას წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება. შეფასებამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული. გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთი და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს.
რეორგანიზაციის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თემატური მიმართულებების გაძლიერებას, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გაერთიანებისა და სპეციალიზებული კომპეტენციების ეფექტიანი გამოყენების გზით.
2026 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცდა სახალხო დამცველის ახალი დებულება და განახლდა სხვა შიდაორგანიზაციული წესები.
რეორგანიზაციის შედეგად, 2026 წლის 22 ოქტომბრიდან განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ინსტიტუტის ერთიანი და მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტით ინდივიდუალური და სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.
- სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აპარატის თემატური სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის, მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას. რაც ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საკითხების შეფასებისას შესაბამისი დარგობრივი გამოცდილებისა და სპეციალიზებული ცოდნის სრულფასოვან გამოყენებას.
- ადამიანის უფლებათა დარღვევების დროული აღმოფხვრის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობის გაძლიერებას და განახლებული ფორმით გაგრძელებას, შესაბამისი წინადადებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით;
- გაზრდილი ადამიანური რესურსით და ქალთა უფლებების საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილებისა და მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ინტეგრირების გზით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის გაძლიერებას ინდივიდუალური საქმეების ერთიანი მეთოდოლოგიით შესწავლის, სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებით.
- გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის გაძლიერებას - მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სისტემურ მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებების გაძლიერებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ნაცვლად 3 საშტატო ერთეულისა.
- ციფრულ სერვისებზე წვდომის, დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის ეფექტიანად წარმართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების გააქტიურებას“- ნათქვამია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. ორგანიზაციული ცვლილებები მიმართულია ამ უფლებამოსილებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თანმიმდევრული და ხარისხიანი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.
განახლება: როგორც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სამი დეპარტამენტი:
- გენდერის,
- ადამიანის უფლებათა სწავლების,
- სტრატეგიული სამართალწარმოების.
- შედეგად შრომითი ურთიერთობა შვიდ თანამშრომელთან შეწყდა.
- ამასთან, მისი განმარტებით, გარკვეული ფუნქციები დამოუკიდებელი საშტატო ერთეულებიდან შესაბამის დეპარტამენტებში გადავიდა.