ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
საავტომობილო მოძრაობა მესტიის მიმართულებით პრაქტიკულად პარალიზებულია. ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბარჯაშთან ახლოს, კლდე ჩამოიშალა და გზა ქვებითაა ჩახერგილი.
ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახური და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადმოყვანა ხდება. 8 ასეთი მოქალაქის გადმოყვანა უკვე მოხდა.
ჯერჯერობთ უცნობია, რამდენ საათში შეძლებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები სპეცტექნიკით ცენტრალური გზის გაწმენდას. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაქტორით გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა და შესაძლოა, ჩამოშლილი ლოდების აფეთქება გახდეს საჭირო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ქვის ცვენის და ზვავსაშიშროების მიზეზით ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი მეორე საავტომობილო გზაა, რომელიც ქვემო სვანეთიდან, ცანის ხეობის გავლით, უშგულში გადადის.