პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე

22.10.26 19:22
პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება, რომელსაც პროკურატურა საბოტაჟის/სამშობლოს ღალატის მუხლით ედავება.

გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიცია წერს, რომ პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

"აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას", - წერია განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიტო ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ. უწყების მტკიცებით, აღნიშნული ქმედებით მან განზრახ განახორციელა საბოტაჟი და ხელი შეუშალა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვს მტკიცებულებების განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს. საზოგადოება არ არის ინფორმირებული თუ რამდენად გააჩნია პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ განზრახვასა და რეალურ ზიანს. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დევნა ხორციელდება მხოლოდ ჟურნალისტური მასალებისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფასდება კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა ან გავრცელებული ცნობების სიზუსტე, დეზინფორმაციასთან თუ პროფესიულ ცდომილებებთან ბრძოლისთვის არსებობს სხვა დემოკრატიული მექანიზმები.

პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები