ციხის თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგი დავითაძეს აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთო - კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა

23.10.26 11:16
ციხის თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგი დავითაძეს აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთო - კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა

 

 

პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე - რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მსჯავრდებულების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა.

ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა იქცეს სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლი პატიმრის საქმის ახალ მოწმედაც, რადგან ის გიორგი დავითაძის ოჯახს უყვება, რომ ბადრაგებისგან პირადად მოისმინა სექსუალური ძალადობის შესასახებ.

გელა ისაშვილი ამტკიცებს, რომ  დავითაძე ბადრაგმა ნამდვილად გააუპატიურა, თავად კი როცა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადა, ცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაკეტეს. 

“დეესკალაციის ოთახში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა“, - ამბობს ის. 

ზუსტად ვიცი და მჯერა გიორგისი, რატო იცი? ზუსტად მაგ დღისით, 2 რიცხვში ყველა თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგის აგინებდნენ, ხო მაინც გაგაუპატიურეთ, შენი ასე და ისეო, ოჯახის მიმართულებით. მე მაგის გამო,  გამოვუცხადე სოლიდარობა, თავის დაზიანების ფორმით, და თანამშრომლები ჩემთან რომ შემოვიდნენ, გიორგიმ დაიმსახურაო და მაგიტომ გავაუპატიურეთო, რეზინიანი თითითო, მაგის გამო თვალებში ვაფურთხე, შოთა ტრაპაიძე მეუბნება, ტრ**ს რომ არ აყენებდაო, თან გარედან შემოუთვალესო, მაქედან გამომდინარე გავაუპატიურეთო, შენ რა გინდა, შენი დედა შე***იო. დამესივნენ აქეთ-იქიდან, შემაგდეს მანქანაში, ჩემთან ერთად ბიჭები ვინც წამოიყვანეს, 6 კაცი წამოგვიყვანეს ლაითურში, სპეცნაზი აბსოლუტურად ყველას აგინებდა, მარიამობის დღესასწაული, აგვისტოში, მივულოცე პატიმრებს და მაგის გამო შემომიცვივდნენ, აქეთ-იქედან თავზე დამახტნენ, მერე ერთმანეთს გადაეფარნენ, მუხლებს მირტყამდნენ, დეესკალაციაში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა, ჩალურჯებული მქონდა, მერე ტემპერატურით მაწამეს. რაც მოვიდა გიორგი მე-6 ში, მაგის შემდეგ, აგინებენ, ეუბნებიან, გარედან შემოგითვალესო, - ამბობს გელა ისაშვილი. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

 რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

  • TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
  • ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები