გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა - პლენუმი სათათბიროდ გავიდა
გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.
ამ წუთებში პლენუმი აღნიშნულ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სათათბიროდაა გასული.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისთვის გონივრული ვადა. თქვენ, ბატონო პლენუმის წევრებო, როდესაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღეთ, არ დაგიდგენიათ რეგლამენტისგან განსხვავებული ვადა. შეგეძლოთ შეგემცირებინათ და გეთქვათ, რომ 10 დღის ვადაში წარმომადგინოს მოპასუხე მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შესაგებელი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს უფლება აქვს ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს და შემდეგ ეს ჩაითვლება გონივრულ ვადად იმისთვის, რომ მოემზადოს სხდომისთვის. ფაქტობრივად, 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე 7 დღეა სულ და თქვენ დაიწყეთ საქმის ზეპირი განხილვა, რაც, მე ვფიქრობ, რომ პროცედურული სამართლიანობის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით, იმიტომ, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს დამატებულია ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული და გთხოვთ პლენუმის წევრებს, გადადოთ სხდომის განხილვა მინიმუმ იმ ვადით, რომ ჩვენ, რეგლამენტით რაც არის გათვალისწინებული, მოგვცეს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ შესაგებელი და შემდეგ უკვე ახსნა- განმარტების ეტაპზე გავაგრძელოთ საქმის განხილვა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმება. როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას.
ჯერ ერთი, ფაქტობრივი უზუსტობაა - არსად წერია, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას. მეტიც, რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს სარჩელის განხილვას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გახლავთ ხოლმე მოპასუხე სხვადასხვა სარჩელის ნაწილში და როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა არ ხდება და სრულად ხდება პროცესის მიმდინარეობისას საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი პოზიციების დაფიქსირება. არსად წერია, რომ გინდა თუ არა შესაგებელს უნდა დაველოდოთ და სხვა შემთხვევაში განხილვა არ შეიძლება“, - განაცხადა გორდულაძემ.
დღე მესამე - საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.