ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი აქტივისტი მზადაა ციხე საპროცესო გარიგებით დატოვოს.
როგორც ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღირებს ბრალად შერაცხულ ქმედებას და თანახმაა პირობით მსჯავრზე.
“დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარე, თუმცა, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, პროკურორის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებს: აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. ანტონ უპერი ძებნაში იმყოფება, მარიამ მეყანწიშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული.
მომდევნო სხდომა 2 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათ ბრალი აღიარეს.