პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

23.10.26 13:12
პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება სხდომაზე რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პლენუმმა თათბირის შედეგად ერთხმად მიიღო. 

ნადარაიას თქმით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას. მისივე მტკიცებით, ამგვარი მოთხოვნა სასამართლოს აფიქრებინებს, რომ ამ გზით საქმის გაჭიანურება ხდება. 

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა ნადარაიამ.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა. 

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

  • დღე მესამე -  საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.