რუსეთში მცხოვრებ აფხაზ სტუდენტებს რუსეთის ჯარში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

23.10.26 14:36
რუსეთში მცხოვრებ აფხაზ სტუდენტებს რუსეთის ჯარში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

რუსეთის უნივერსიტეტებში მყოფი აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, შესაძლოა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაიწვიონ.

როგორც vektorkavkaza წერს, რუსული სამხედრო კომისარიატები მათ სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას სთხოვენ, საკითხის მოგვარებას კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოვთან მოლაპარაკებებით ცდილობს.

პრობლემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2022 წელს გაფორმებულ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

დოკუმენტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს იმ ქვეყანაში გადიან, სადაც გაწვევის მომენტში მუდმივად ცხოვრობენ. რუსული მხარე სტუდენტების დროებით რეგისტრაციას სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების საფუძვლად იყენებს.

ადგილობრივი გამოცემა „აიაშარას“ ინფორმაციით, სოხუმში მიიჩნევენ, რომ შეთანხმების გაფორმებისას სამართლებრივი ხარვეზი დაუშვეს — დოკუმენტში გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთში განათლების მისაღებად დროებით იმყოფებიან.


საკითხი 1 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განიხილა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმაც.

როგორც „აფსნიპრესი“ წერს, 17 ოქტომბერს ბარციცმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას განუცხადა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუმცა სტუდენტების სამხედრო აღრიცხვის საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

შესაბამისად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე აფხაზი სტუდენტებისთვის რუსეთის ჯარში გაწვევის საფრთხე კვლავ აქტუალურია.

მსგავსი სიახლეები