“გელა ისაშვილის ჩვენება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“ - დავითაძის ადვოკატი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს
პატიმარ გიორგი დავითაძის უფლებადამცველი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს - მან აღნიშნული მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანა.
როგორც სალომე ჯანუაშვილი ამბობს, გამოვლინდა კიდევ ერთი გარემოება, ეს არის პატიმარ გელა ისაშვილის მონათხრობი, რომლის გამოც სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია დაიწყოს ხელახალი გამოძიება პატიმრის სავარაუდო, გაუპატიურების საქმეზე.
ეს ჩანაწერი დავითაძის ოჯახმა მოიპოვა არა შემთხვევით, არამედ თავად გელა ისაშვილი დაუკავშირდა ლაითურის ციხიდან. დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება პროკურატურის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე, ახლადაღმოჩენილ გარემოებად ესეც მივუთითე, ისაშვილის ჩვენება თვითონ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატება ძალადობაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, იგი მოწმეა გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების, შესაბამისად, ამ საფუძვლით უნდა განახლდეს გამოძიება, რომ არის ახალი მტკიცებულებები, გარდა სხვა საფუძვლებისა, რომელიც ჩამოთვლილი გვაქვს ჩვენ საჩივარში, ასევე, დაიწყოს ცალკე გამოძიება გელა ისაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, - ამბობს სალომე ჯანუაშვილი.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
- TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
- ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.