საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება! - საბა სხვიტარიძე
"25 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება!"- ამ გზავნილით მიმართავს საზოგადოებას ციხიდან საბა სხვიტარიძე და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვას ეხმაურება.
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პროევროპული აქციების დროს დააკავეს და გაასამართლეს, ხალხს 25 ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. სხვიტარიძე წერს, რომ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და არ არის დრო არც ნიჰილიზმის და არც შიშის.
25 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოში დემოკრატიის დასამარება!
"ქართული ოცნება" პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ ხალხის ეშინია. ამიტომ ხალხმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს უზურპატორ ხელისუფლებას!
ხალხი ნიჰილიზმშია და დაიღალა, ეს მხოლოდ მიზეზებია. ბრძოლა არასდროს არის მარტივი. დღეს საქართველო ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე დგას, როდესაც კიდევ ერთხელ წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.
ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ვერც დასავლეთი, ვერც აღმოსავლეთი და ვერც ჩრდილოეთი ვერ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ჩვენი მომავალი საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მიერ წყდება!
ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული!
ვიქნებით შეუგუებელნი, ვიქნებით ბევრნი - გავიმარჯვებთ!
ვიქნებით პასიურები - აღარ გვექნება სამშობლო!
ქართველებს ამაზე ბევრად რთული გამოწვევებისთვისაც გაგვიძლია და გაგვიმარჯივა!
დიდება საქართველოს! ", - წერს წერილში საბა სხვიტარიძე.
ცნობისთვის, 25 ოქტომბერს 19:00 საათზე ხალხი თსუ-სთან აპირებს შეკრებას და მსველობის გამართვას. ამ ფორმით გააპროტესტებს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსებიც, ქართული ოცნების გეგმას, აკრძალონ ოპოზიციური პარტიები.