ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს

25.10.26 17:11
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, შვილის სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გლდანის ციხეში გიორგი ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.

როგორც ქალი განმარტავს, ინფორმაცია იმავე წყაროსგან მიიღო, რომელმაც ოჯახს მანამდე დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ აცნობა. მისივე თქმით, შეტყობინების მიღების შემდეგ ოჯახის წევრები გლდანის ციხისკენ გაემართნენ.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილის ძმას, დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური უარყოფს. უწყება განმარტავს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი სამარტოო საკანში, 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისად, ცემის ფაქტიც სიმართლეს არ შეესაბამება. 

ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ძალადობასა და გამოძალვასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. ვატო და შოთა ყიფიანები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი, სამართალდამცველებმა 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ.

მსგავსი სიახლეები