„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო.
მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“
აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო კამპანია ორი მიმართულებით გაგრძელდება - ქუჩის აქციებითა და სასამართლოში სამართლებრივი დავებით.
აქციის მთავარი გზავნილია - „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.
ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ნამდვილად ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ნამდვილად ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი გვექნება, ვიდრე ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ახლა არ არის დრო, რომ ვთქვათ, რომ "ვუძლებთ", ახლა არის დრო ვთქვათ, რომ "ვძლიერდებით", ერთ თავს მოგვჭრიან, ათი ამოვა. ბევრნი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტი. ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ 28 -ში ძალიან ბევრნი ვიყოთ, რომ ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, - ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.
ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ყურადღება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, არამედ ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებსა და მათ შესაძლო შედეგებზეც უნდა გამახვილდეს.
"ქართული ოცნების" ამომრჩეველიც რომ შეწუხდეს და მე ვიცი, რომ მათ შორის არიან ისეთები, რომლებისთისაც, მაგალითად, მიუღებელია, რომ რუს ოკუპანტი შეიძლება ვეღარ დაუძახონ, ან, მაგალითად, კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ იძლებულებნი გახდნენ რუსები, რომ თავდასხმაზე რეაგირება მოეხდინათ. მთავარი, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ აქცენტი გაკეთდეს ამ თემაზე. პარტიების აკრძალვაზე კი არა, გამოსავალს ყოველთვის მოძებნიან პოლიტიკოსები, აქ სხვა, გაცილებით უფრო რთული და მნიშვნელოვანი საკითხებია ჩადებული, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.