"საქართველო იმსახურებს უკეთესს" - თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა
"საქართველო იმსახურებს უკეთესს" - თსუ-დან დაწყებული საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდა, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. მათ მოქალაქეებს საპროტესტო მოძრაობის გააქტიურებისკენ მოუწოდეს და 28 ნოემბერს მორიგი შეკრება დააანონსეს.
ჩვენ 28-ში უნდა შევიკრიბოთ კიდევ, იმ დღეს, როცა ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ საქართველო წყვეტს ჩვენი ეროვნული არჩეული გზით სიარულს, რომ საქართველო წყვეტს ევროპისკენ სიარულს. რატომ აუქმებენ პარტიებს?! რატომ აპატიმრებენ ადამიანებს?! რატომ ძალადობენ ახალგაზრდებზე?! რატომ ხურავენ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს?! რატომ აკეთებენ ყველაფერ ამას? იმისთვის, რომ წაგვართვან სახელმწიფოებრიობა, წაგვართვან ჩვენი თავი, ჩვენი თითმყოფადობა და გადაგვიყვანონ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერი ეს მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო საბოლოოდ შეიყვანონ რუსეთის სრულ კონტროლში, - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.
საპროტესტო მოძრაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამაც. მისი თქმით, მხოლოდ პროტესტის შენარჩუნება საკმარისი აღარ არის და საჭიროა მოქალაქეთა უფრო ფართო მობილიზება.
ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა, მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი. რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ. ახლა მოვიდა ამის დრო, იმიტომ, რომ მთავარია - საქართველო ივანიშვილის გარეშე!, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გიგა ლემონჯავას განცხადებით, ოპოზიცია საპროტესტო ბრძოლას არ შეწყვეტს. მან მოქალაქეებს უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროტესტი თავდაცვითი რეჟიმიდან შეტევით ეტაპზე უნდა გადავიდეს.
არ არსებობს რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ბრძოლაზე ხელს ავიღებთ. არ არსებობს წნეხი, რომელსაც დავექვემდებარებით. არ არსებობს რაღაც, რითაც ივანიშვილი შეგვაშინებს! კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს არის ივანიშვილი და დროა, რომ შეკავების და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი და ამ ქვეყნის პატრონი ხართ თქვენ - საქართველოს მოქალაქეები!, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.