აფრიკული ბაობების უკან სავარაუდოდ ივანიშვილი დგას - ირაკლი აბესაძე

28.10.26 11:19
აფრიკული ბაობების უკან სავარაუდოდ ივანიშვილი დგას - ირაკლი აბესაძე

სამხრეთ აფრიკის საწყობში ჩარჩენილი ხუთი გიგანტური ბაობაბის უკან, შესაძლოა, კვლავ ბიძინა ივანიშვილი იდგეს - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე საუბრობს.

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ხეების უკანონო ექსპორტის საქმე პირდაპირ "ოცნების" დამფუძნებლის ახალ რეზიდენციას უკავშირდებოდეს. 

მაღალი ალბათობით, ეს არის თავად ივანიშვილი ან ეს კეთდება ივანიშვილისთვის, ამიტომ მორიგ ჯერზე ძალიან სამწუხაროა და ტრაგიკულია იმის გააზრება, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას, ბედნიერებას, სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირებს ხეების გადატანა-გადმოტანას და მათ გახარებას. რატომ შეიძლება, ეს იყოს ივანიშვილი? გავახსენოთ საზოგადოებას, რომ მან თითქმის 22 მლნ ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ბაობაბის ხე ჩამოეტანა გასულ წლებში, ხოლო შემდეგ მათი გახმობა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებს დააბრალა. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მის ერთ-ერთ რეზიდენციაში, თბილისის თავზე, რომელსაც ახლა მორიგ ჯერზე იშენებს, სარეკრეაციო სივრცეში გამზადებულია ადგილი სწორედ ბაობაბის დასარგავად, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის საწყობში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთი გიგანტური ბაობაბის ხე რჩება. სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ხეების გატანაზე მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა, რის გამოც ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ექსპორტიორის ვინაობა კი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. 

მსგავსი სიახლეები