მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობს

28.10.26 13:40
მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? - რიმა ბერაძე ბრალდებებს პასუხობს

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე იმ გარემოვაჭრეების ბრალდებებს პასუხობს, რომლებსაც გვიან ღამით, "მარჯანიშვილის" მეტროს წინ ყვავილების გაყიდვა აუკრძალეს და დახლები ააღებინეს.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ "ოცნებამ" ისინიც მოატყუა.

"რიმა ბერაძე აქ აღარ მოვიდეს, კალაძისთვის ხმებს რომ აგროვებდა, მაშინ ხომ კარგები ვიყავით?"- აცხადებს გარემოვაჭრე. 

დეპუტატი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ გარემოვაჭრეებთან შეხება არ ჰქონია და მათთვის არც ხმების მობილიზება უთხოვია. 

მე რა შეხება მაქვს მეყვავილესთან? ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაა ეს [გარემოვაჭრეების ადგილიდან გაყვანა] და მიმართეთ ქალაქის მერიას და გაგცემენ პასუხს... ჩუღურეთელები არც არიან ისინი, ერთი ეს, და მე არანაირი გავლენა არ მექნება არაჩუღუირეთელზე და ეს როდის იყო, სამი წლის უკან? არასწორი ინფორმაცია გაქვთ... კანონი დაეხმარება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს თბილისის მერია, დავეხმარებით იმ ნაწილში, - ამბობს რიმა ბერაძე. 

"მარჯანიშვილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ისინი გარემოვაჭრეებს ვაჭრობის განახლების საშუალებას არ აძლევენ. 

გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც გუშინ ღამით მათი დახლები აშალეს და პროდუქციის ნაწილი ნაგავსაყრელზე გადაუყარეს.

მოსულა, ერთი, ვინმე და 41 შემოხაზეო, უთქვამს!... რომელიმე ჩამოსულა პლეხანოვიდან და მოსულა?... რიმა ბერაძეს ნახე რა ვუქნა!", - თქვა გუშინ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ. 

აღსანიშნავია, რომ მეტრო "მარჯანიშვილის" შესასვლელთან წლებია, ე.წ. ბუკინისტების დახლები იყო გაშლილი. გარემოვაჭრეები მრავალი წელია, ადგილზე ყვავილების გაყიდვით ირჩენენ თავს. 

რას წერს მერია?

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალურმა ინსპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია "სრულად მოაწესრიგა".

განცხადები მიხედვით, ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ.

"უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარეაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება", — წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები