"ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა" - SJC-მ პარტიების აკრძალვის საქმეში ხარვეზები გამოავლინა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე საქმის პირველ ეტაპზე გამოვლენილ საპროცესო პრობლემებსა და გარემოებებს, რომლებიც ორგანიზაციის განცხადებით კითხვებს აჩენს საქმის განხილვის პროცესის თანმიმდევრულობასა და მხარეთა თანასწორობასთან დაკავშირებით.
SJC გამოყოფს, თუ რა პრობლემები გამოიკვეთა საქმის განხილვის პროცესში?
- ▪ კონსტიტუციური სარჩელის არასაკმარისი დასაბუთება;
- ▪ მოპასუხე პოლიტიკური პარტიების მიმართ კონკრეტული ქმედებებისა და პასუხისმგებლობის საფუძვლების ინდივიდუალიზაციის არარსებობა;
- ▪ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და გამოკვლევის მკაფიო საპროცესო სტანდარტების არარსებობა;
- ▪ მოპასუხე მხარეების შუამდგომლობების უმრავლესობის დაუკმაყოფილებლობა.
ორგანიზაციის თქმით,, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, თუმცა მოპასუხე მხარეებს სათანადო შესაძლებლობა არ მისცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისა და მოწმეთა გამოკითხვის გზით სადავო გაეხადათ ამ დასკვნაში წარმოდგენილი გარემოებები.
SJC-ს შეფასებით, ეს გარემოებები აჩენს კითხვებს პროცესის სამართლიანობის, მხარეთა თანასწორობისა და ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის შესახებ.
საყურადღებოა, რომ პირველი სარჩელის შეტანიდან გასული ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად, წინა 2 საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების საკითხი თვეების განმავლობაში არ გადაწყვეტილა. მიმდინარე სარჩელის მიღების პროცედურები კი სწორედ იმ პერიოდში წარიმართა, როდესაც სასამართლოს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ თეიმურაზ ტუღუშსა და გიორგი კვერენჩხილაძეს, რომელთა განსხვავებული აზრებიც ბოლო წლებში სასამართლოს არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლდა თან", - აცხადებს SJC.
ორგანიზაციისთვის ასევე გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის გადადგომის ეპიზოდი და მის მიერ ამის შემდეგ გაკეთებული განცხადება: „არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს“.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმაა და პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ მონაწილეობასა და დემოკრატიულ პლურალიზმს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთი ღონისძიება მხოლოდ განსაკუთრებით დამაჯერებელი და წონადი მიზეზების არსებობისას შეიძლება იყოს გამართლებული, როდესაც დადასტურებულია დემოკრატიული წესრიგის მიმართ რეალური საფრთხე და აკრძალვის აუცილებლობა და პროპორციულობა", - აცხადებს SJC.
მათივე შეფასებით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და ავტოკრატიზაციის პროცესების ფონზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმის შესუსტებისა და ძალაუფლების კონცენტრაციის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური წესრიგისა და ძირითადი უფლებების დაცვის უმაღლესს კონსტიტუციურ ინსტიტუტს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, არ დაუშვას კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავად შეუწყობს ხელს ავტოკრატიული კონსოლიდაციის ყველაზე აგრესიულ პროცესს და დემოკრატიული გარემოს განადგურებას ქვეყანაში, რაც ცხადია, სასამართლოს წევრებს უმძიმეს ისტორიულ, პოლიტიკურ და საბოლოოდ სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს", - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
დოკუმენტი ვრცლად იხილეთ: