თეოლოგები "ოცნებას" კაზინოების შესახებ მიღებული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
თეოლოგები ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისა და გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
განცხადების თანახმად, ერთი მხრივ, კანონმდებლობა მოქალაქეთა მონაწილეობას ზღუდავს, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო სათამაშო ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით ბიზნესის გაფართოების დამატებით სტიმულებს ქმნის.
მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა სახის დამოკიდებულების: ალკოჰოლიზმის, ლუდომანიის, ნარკომანიისა და სხვა მძიმე მდგომარეობების მქონე ადამიანების სულიერ და სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში მართლმადიდებლურ ტრადიციაში ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“, რომლისადმი მიძღვნილ ტროპარში ვკითხულობთ: „ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა“.
მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ღვთისმეტყველება და ეთოსი, აღნიშნული პრობლემების წინაშე მყოფ ადამიანებს ლოცვით შეწევნასთან ერთად ცდილობს შესთავაზოს ნუგეში, მხარდაჭერა და სოციალური მსახურების ფარგლებში სისტემური დახმარება, იქნება ეს სულიერი, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის.ამასთანავე, ეკლესია ვერ და არ დახუჭავს თვალს იმ სტრუქტურებსა და საქმიანობებზე, რომლებიც უშუალოდ ქმნიან გარემოს, სადაც სხვადასხვა სახის დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საუბარი სათამაშო ბიზნესთან მიმართებით, რადგან ლუდომანია არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მისი ოჯახის, სოციალური გარემოსა და საბოლოო ჯამში, საზოგადოების პრობლემადაც იქცევა.
საქართველოში სათამაშო ბიზნესის მასშტაბები და ონლაინ-კაზინოების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მოწყვლად, სოციალურად არასტაბილურ გარემოში ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, შესაძლოა მარტივად აღმოჩნდნენ ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელიც ხშირად ერთჯერადი თამაშით იწყება და შემდგომ დამოკიდებულებაში გადაიზრდება. ლუდომანია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე სულიერ და სოციალურ პრობლემად განიხილავს, არაერთი ადამიანის ცხოვრებაზე აისახა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ურთიერთობებს.
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეკლესიას, როგორც საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ინსტიტუტს, აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობაც, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი წინასწარმეტყველური და სოციალური ხმა გააჟღეროს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა სათამაშო ბიზნესის რეგულირების აუცილებლობაზე და მხარს უჭერდა ისეთი მექანიზმების შემოღებას, რომლებიც ადამიანებსა და ოჯახებს ლუდომანიისგან დაიცავდა. ვინ, თუ არა სწორედ აღნიშნული პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანები, მიმართავენ ნუგეშისა და დახმარებისათვის მოძღვრებს, მონასტრებსა და ეკლესიის სოციალურ სამსახურებს? სწორედ ამიტომ ეკლესია განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს ამ პრობლემით გამოწვეულ ტკივილს, რადგან ყოველდღიურად არის მისი უშუალო მოწმე და თანამოზიარე. ამ დამოკიდებულებას მკაფიოდ გამოხატავდა ღვთივგანსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეში: „შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის ალბათ მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა. თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა...“ აღნიშნული ხედვის პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდანაც, მათ შორის დღეს უკვე კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, მოსაყდრეობის პერიოდში.
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში, სადაც სოციალური მოწყვლადობა და საზოგადოებრივი პოლარიზაცია მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი ისეთი საქმიანობის მიმართ, რომელიც სხვადასხვა სახის დამოკიდებულების გავრცელების, მისი მასშტაბის ზრდის ან ადამიანებისთვის მასზე წვდომის გამარტივების რისკს ზრდის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და მომავალი თაობების დაცვის თვალსაზრისით.
ცხადია, მართლმადიდებელი ეკლესია არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებას. თუმცა, თუ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ეკონომიკური სარგებლის ზრდაა, ამ მიზნის მიღწევა არ უნდა მოხდეს ადამიანის სოციალური და სულიერი კეთილდღეობის ხარჯზე. როგორც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი არაერთხელ აღნიშნავდა: „ეკონომიკა უნდა იყოს ადამიანის მსახური და არა ადამიანი ეკონომიკის“.
შესაბამისად, ჩვენ, მართლმადიდებელი თეოლოგები ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას სათამაშო ბიზნესის მკაცრი და პასუხისმგებლიანი რეგულირების აუცილებლობის შესახებ.
ჩვენი ხედვა ეფუძნება მარტივ პრინციპს: რაც უფრო ეფექტიანად იქნება დაცული ადამიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისგან, მით ნაკლები იქნება დაზიანებული ადამიანი, დანგრეული ოჯახი და მძიმე სოციალური შედეგი.
კანონის მთავარი პრობლემა მის შინაგან წინააღმდეგობასა და იმ შესაძლო შეფარულ მექანიზმებშია, რომლებიც საზოგადოებრივი დაცვის სახელით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად სათამაშო ბიზნესის წახალისებას შეიძლება ემსახურებოდეს. ერთი მხრივ, იზღუდება მოქალაქეთა მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, მსხვილი საერთაშორისო სათამაშო ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით იქმნება ბიზნესის გაფართოების დამატებითი სტიმული. ამგვარი მიდგომა აჩენს ეჭვს, რომ შეზღუდვებთან ერთად იქმნება აზარტული თამაშების ირიბი პოპულარიზაციის შესაძლებლობაც. მსხვილი საპრიზო ფონდების, საერთაშორისო ღონისძიებებისა და სათამაშო ინდუსტრიის მზარდი მიმზიდველობის გზით. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ასეთი ღონისძიებების წახალისებამ შესაძლოა აზარტული თამაშები საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უფრო მიმზიდველად წარმოაჩინოს. როდესაც კანონმდებლობა ქმნის აზარტული თამაშების ინდუსტრიული გაფართოების სტიმულებს, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულობის, საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტულობისა და მოქალაქეთა დაცვის რეალური ეფექტიანობის შესახებ.
ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხილვისას სრულფასოვნად გაითვალისწინოს ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მომავალი თაობების ინტერესები და ისინი ეკონომიკურ ინტერესებთან სათანადო ბალანსში განიხილოს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და აღნიშნული საკითხის მკვლევარ მეცნიერებთან ფართო, ღია და საფუძვლიანი დისკუსიისა და დიალოგის შედეგად. ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს უკვე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და, მათი საზოგადოებრივი და სოციალური შედეგების გათვალისწინებით, განიხილოს მათი გაუქმების საკითხიც"- წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ თეოლოგიის დოქტორები შოთა კინწურაშვილი და მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი შოთა რაზმაძე, თეოლოგიის მაგისტრი გიორგი გველესიანი და ფილოსოფიის მაგისტრი შოთა ყურუა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა