TI: კომპანიამ ქუთაისის მერიისგან 450 ათასიანი კონტრაქტი მიიღო, მისმა მფლობელმა კი “ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა
ჯუსტალი ისიანმა, რომლის კომპანიამაც ქუთაისის მერიისგან 450 ათასიანი კონტრაქტი მიიღო, “ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან ხდება ცნობილი.
როგორც TI წერს, ჯუსტალი ისიანის შპს „მშენებელი 2018“-მა, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.
მათივე ინფორმაციით, ამავე კომპანიამ 17 ივნისს მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მიიღო, რომელიც 29 მაისს უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო.
2026 წლის 3 აგვისტოს ჯუსტალი ისიანმა „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო.
მანამდე, 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს „მშენებელი 2018“-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა (NAT260009000). ამ ტენდერში „მშენებელი 2018“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ისიანი კომპანიის 100%-იანი მფლობელია.
ტენდერის პირობით, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. „მშენებელი 2018“-მა ეს მოთხოვნა იმ სამუშაოებით დააკმაყოფილა, რომლებიც 2024–2025 წლებში თავად ქუთაისის მერიის სამ ხელშეკრულებაზე ქვეკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა (NAT230027607, NAT250000055, NAT250004021). მერიამ ეს ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან გააფორმა და სამივე შემთხვევაში „მშენებელი 2018“-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე თანხმობა გასცა. სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო.
ქუთაისის მერიას „მშენებელი 2018“-ისთვის შესყიდვის კონტრაქტები პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული. 2022–2024 წლებში მერიამ ისიანის კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების ექვსი კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, მათი ჯამური ღირებულება 423 468 ლარია. მათგან ხუთის (419 786 ლარი) საფუძვლად მერიამ „გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება“ მიუთითა.
აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს „მშენებელი 2018“-მა მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მიიღო, რომელიც 29 მაისს უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო- აღნიშნულია ინფორმაციაში.