„საქმე შემიკერეს“ - ქუთაისის ციხის პატიმარი შსს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს და დიტო სამხარაძეს ახსენებს

01.11.26 17:37
„საქმე შემიკერეს“ - ქუთაისის ციხის პატიმარი შსს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს და დიტო სამხარაძეს ახსენებს

მსჯავრდებული გიორგი ბოდოკია აცხადებს, რომ საპატიმროში შეთითხნილი ბრალდებით იმყოფება. პატიმრის მტკიცებით, მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად აღიძრა. სატელეფონო ზარი "პირველების" რედაქციამ ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან მიიღო.

10 წუთიან საუბარში ბოდოკია აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ საქმის შესაკერად სამართალდამცავებმა ყოფილი მეუღლე გამოიყენეს.

ამავე ჩანაწერში მსჯავრდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატს, დიტო სამხარაძეს ასახელებს და ირწმუნება, რომ იგი პარლამენტარის ნახევარძმაა.

როგორც მსჯავრდებული აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით მის ყოფილ მეუღლეს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მის მიმართ არც პრეტენზია გააჩნდა, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბოდოკიას 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი მტკიცებით, მოსამართლე გიორგი კერატიშვილიც მისი ბიძაშვილია. 

პატიმარი მისი საქმის გადახედვას და ხელმეორედ გამოძიებას ითხოვს.

6 თვის წინ დედა გადაყვა ამ ამბავს. მე ნაშვილები ვარ და გარდამეცვალა ერთადერთი იმედი, ეთერი ბოდოკია გარდამეცვალა. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, გამომძიებელი შემოდის და მე აღმოვჩნდი ნიკოლოზ სამხარაძის და დიტო სამხარაძის ნახევარ ძმა. მე-7 წელია პროკურატურა იცის, იმიტომ, რომ შეიქმნა დასაჭერი გიორგი კერატიშვილი. იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ ბიძაშვილი შვილების პირადი პატიმარი ვარ მე. ეს მინდა, რომ გაატელევიზოროთ, ჩემი თხოვნა იქნება. ვერაფერი გავაკეთე, ვწერ საჩივრებს, ვარ ერთ ამბავში, ქუთაისის პროკურატუაში გამოკითხული და ამას არ ატელევიზორებენ, იმიტომ, რომ ეს ბომბაა, ბომბაა, - ამბობს გიორგი ბოდოკია. 

"პირველები" მოსამართლე გიორგი კერატიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ირწმუნება, რომ არც მსჯავრდებული ბიძაშვილია და არც რაიმე აკავშირებს დიტო სამხარაძესთან.  

მახსოვს ეგ პატიმარი, ჩემი გასამრთლებულია ნამდვილად. ერთადერთი, რაც შემიძლია, სრულად გულწრფელად გითხრათ, რომ რამდენჯერაც არ უნდა მახსენებდეს ეგ პატიმარი, ეგ წერილი თქვენთან რა კუთხით შემოიტანა, მაგითაც არ ვინტერესდები. სამართლებრივი ნაწილი გადაამოწმეთ განაჩენში, საქმესთან დაკავშირებით ვერანარი კომენტარს ვერ გავაკეთებ.

არ ვარ ბიძაშვილი, საერთოდ, დიტო სამხარაძე არ ვიცოდი ვინაა... ვერცერთი პოლიტიკოსი ჩემს განაჩენზე გავლენას ვერ მაოხდენს, - ამბობს გიორგი კერატიშვილი. 

მსგავსი სიახლეები