უკრაინის ანტიკორუფციულმა კორუფციული ჯგუფი გამოავლინა - დაკავებულია СБУ-ს გენერალი
ვინ მფარველობდა უკრაინაში "თაღლითურ ქოლ-ცენტრებს", კონტრაბანდულ სიგარეტს და ნარკორეალიზაციას? - ოპერაცია "კართაგენის" ფარგლებში გამოვლინილია კრიმინალური ორგანიზაციის წევრების და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების ვინაობა, ვინც დიდი ქრთამის სანაცვლოდ დანაშაულს ხელს აფარებდა.
დაკავებულებს შორის არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე. გამოძიების ვერსიით ამავე სქემაში "კრიმინალური სამყაროს" წევრებთან ერთად ჩართული იყვნენ ეროვნული პოლიციის და გენერალური პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნები.
გამოძიების ვერსიით, ორგანიზაციის ცენტრალური ფიგურაა ანდრეი ოსიპოვი, მეტსახელად "კრიმინალი". ის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ადრე დააკავეს. ოსიპოვი სამართალდამცავებთან კავშირებს უკანონო ბიზნესის დასაცავად იყენებდა.
კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტია "მექსიკელი", ნარკოკარტელ "ხიმპრომის" ხელმძღვანელი. ანტიკორუფციული ორგანოების თქმით, კარტელმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც განაგრძო საქმიანობა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ. "კრიმინალის" დავალებებს ასრულებდნენ პირები მეტსახელებით "ბოქსიორი" და "პაშა".
სამართალდამცავებს შორის გამოძიება სამ პირს ასახელებს:
- "პრაისი": ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის პოლიციის მხრიდან ქოლ-ცენტრების მფარველობას უზრუნველყოფდა.
- "კონსულტანტი": კიევის ოლქის სისხლის სამართლის ძებნის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე. ის უსაფრთხოებასა და ცალკეული მიმართულებების კოორდინაციას კურირებდა.
- "აკიმი": СБУ-ს გენერალ-მაიორი. ის ორგანიზაციას СБУ-ს სხვა თანამშრომლების ყურადღებისგან იცავდა. მისი წყალობით ფიგურანტები იღებდნენ სამსახურებრივ ინფორმაციას, მონაცემებს ბაზებიდან და სისხლის სამართლის საქმეების მასალებს.
- НАБУ-სა და САП-ის ცნობით, ორგანიზაცია სულ მცირე 52 ქოლცენტრის მუშაობას კოორდინირებდა. ამ ოფისებში 2 700-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, რომლებიც უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ატყუებდნენ.