ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა - პირველი კომენტარი
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, აპირებს სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულის წყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევ ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებითა ასაკოვანი ხალხით 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა, პრობლემა კი ის არის, რომ არ არსებობს ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც მათ დაიცავს, - განაცხადა სანდერმა.
მან საკუთარ ადვოკატებეს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და საკუთარი ოჯახის წევრები უწოდა.
მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, სანდერს სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე