"ისინი გაზით აუზებს ათბობენ" - ნარმანია ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდება მათთვის, ვინც ბევრს ხარჯავს

06.11.26 17:35
"ისინი გაზით აუზებს ათბობენ" - ნარმანია ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდება მათთვის, ვინც ბევრს ხარჯავს

ოჯახებს, რომელთაც საცურაო აუზი აქვთ და ამ აუზებს ბუნებრივი აირით ათბობენ, შესაძლოა მალე უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდეთ - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანია ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირი უნდა გაუძვირდეთ მათ, ვინც ბევრს ხარჯავს, სწორდ ასეთებად მოიხსენიებს სემეკის თავმჯდომარე მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც მისი თქმით, ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახებისგან შედგებიან. 

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთი დაბალი დარჩება.

სემეკის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში.

ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.

შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ, რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.

ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, - აღნიშნა ნარმანიამ „ტვ იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.