რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ხუთდღიან ვიზიტს აჯამებს
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებოდნენ. რუსული უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ქართული ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა და რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონტროლისა და სერტიფიცირების პროცედურები შეისწავლა.
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსმა სპეციალისტებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, კვლევის მეთოდები, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის შესაძლებლობები შეაფასეს.
დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც ხილის მოყვანის, შენახვისა და ექსპორტისთვის მომზადების ხუთი ობიექტი დაათვალიერა. რუსული მხარე ასევე გაეცნო საქართველოში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის წესსა და საკარანტინო კონტროლის მექანიზმებს.
რუსეთის უწყების განცხადებით, აუდიტის დასრულების შემდეგ ქართულ ლაბორატორიას შესაბამისი შეფასების დოკუმენტი გადაეგზავნება.
ამასთან, „როსსელხოზნადზორი“ ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაციის გეგმაზეც საუბრობს. უწყების განმარტებით, სისტემების დაკავშირება ფიტოსანიტარიული ინფორმაციის გაცვლას, პროდუქციის ორმხრივ მიწოდებასა და უსაფრთხოების კონტროლს შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო უწყება ავრცელებს. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია მოწვევის, აუდიტის შედეგებისა და ციფრული სისტემების შესაძლო ინტეგრაციის შესახებ მოწოდებულ მასალაში წარმოდგენილი არ არის.