ნათია თურნავამ ინდური ბანკების შესაძლო შემოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა

11.11.26 18:57
ნათია თურნავამ ინდური ბანკების შესაძლო შემოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა

ნათია თურნავამ ინდური ბანკების შესაძლო შემოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, განცხადებით, ქვეყანაში უცხოურ ბანკების შემოსვლისას ლიცენზირების გამარტივება იმ შემთხვევებს ითვალისწინებს, როდესაც ინვესტორს, საფინანსო დაწესებულებას ან ქვეყანას საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო აქვს.

კითხვა თურნავას გახარიას თანაგუნდელმა, სოფიო ხორგუანმა დაუსვა. 

სოფიო ხორგუანი: შოთა ბერეკაშვილის მიერ გუშინ ინდური ბანკების შემოსვლის მაგალითად მოყვანა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ინდურ ბანკს ქვეყანაში შემოსვლა უნდა

ნათია თურნავა: არამც და არამც ეს ცვლილება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, ეს ზოგადად თავად დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარეობს. რაკი ეს დარგი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ნომერ პირველი და პოტენციურად ძალიან საინტერესოა, ვფიქრობთ, ჩვენც შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ამ ინვესტიციებს ხელი შევუწყოთ.

ანუ, პრივილეგია არავისთვის არის საჭირო და არც ისარგებლებენ; აქ განსაკუთრებულ პრივილეგიებზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული, მაგალითად, მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მხედველობაში მივიღოთ და რომელიმე საკითხის გადამოწმება ნოლიდან არ დავიწყოთ, რადგან ის საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე დადგენილია.

სებ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ სოფიო ხორგუანი მას ჩაეკითხა - რატომ მარტივდება უცხოური ბანკების ლიცენზირების პროცედურები თუ ქვეყანაში ისედაც ბევრი ინვესტორი შემოდის. ამ კითხვაზე სხდომაზევე უპასუხა საკანონმდებლო ცვლილებების ავტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

ინდურ ბანკებზეც იყო საუბარი და მაგალითად მოვიყვანე ის გარემოება, რომ მანამდე არსებობდა განვითარებული ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც ბაზარზე გამარტივებული წესით შემოსვლისა და ლიცენზიის მიღების პრივილეგია ჰქონდათ. ახალი კანონპროექტით კი იქმნება სანდო ქვეყნების სია, რომელიც ამ ქვეყნებისა და იქ არსებული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს ეფუძნება. ეს საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ძალიან წარმატებული ბანკები მოვიზიდოთ, კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს, პროცესი კი გამჭვირვალე იყოს. ყოველივე ეს ძალიან წაადგება ჩვენს საფინანსო ბაზარს და მივიღებთ კონკურენტუნარიან პროდუქტს. ჩვენი მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ბანკი იქნება საბანკო სექტორში ჩართული, საპროცენტო განაკვეთი მით უფრო დაბალი იქნება და პირველ რიგში ამით მომხმარებელი საქართველოს მოქალაქეები მოიგებენ. რაც შეეხება მაგალითებს, ამის მაგალითი შეიძლება იყოს როგორც ინდოეთი, ასევე თურქეთი, ყაზახეთი და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.