პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"
პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - ეს კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.
მოსამართლემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა, თუ მათივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 0 რეიტინგი აქვთ, მაშინ რაღა საჭიროა მათი აკრძალვა.
თქვენ ამ ერთიანი ორგანიზმის თეორიას აფუძნებთ ორ გარემოებას - ერთის მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, მეორე უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა. არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეუფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით იქნან დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებების იქნებოდა თუ არა საკმარისი?
მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ეს ხომ არ გახდება, პირიქით მათი გაძლიერებისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბიძგის მიმცემი?
მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?". - თქვა მოსამართლემ.