ფეიქრიშვილების დედა "დამკვეთის" დასჯას ითხოვს, ასევე პაატა სალის ურჩევს, თანამდებობა დატოვოს
დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე 7 პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ფეიქრიშვილების დედა პირველ კომენტარს აკეთებს - ნინო აბრამიშვილი კმაყოფილი არ არის იმ კვალიფიკაციით, რაც პროკურატურამ მისი შვილის საქმეს მიუსადაგა.
"აქ იყო კონკრეტულად მუხლი წამება. ეგენი ჯუფურად მუშაობდნენ, პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, გოცირიძე, კაჭარავა, ჩვენი საქმის პროკურორიც და ბევრი პოლიციის თანამშრომელიც", - ამბობს ფეიქრიშვილების დედა და გამოძიებისგან ციხის საკანში განხორიცელებული 4-დღიანი ძალადობის დამკვეთზე გასვლას ითხოვს.
ნინო აბრამიშვილი ასევე საუბრობს იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზეც და პაატა სალიას ურჩევს, თანამდებობა დატოვოს.
მე არ ვარ კმაყოფილი იმ კვალიფიკაციით, როგორიც გააკეთა ბატონმა პროკურორმა. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად, მაგრამ აქ იყო კონკრეტულად მუხლი წამება. ეგენი ჯუფურად მუშაობდნენ, პატარიძეც, ფირცხალავაც, ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი, გოცირიძე, კაჭარავა, ჩვენი საქმის პროკურორიც და ბევრი პოლიციის თანამშრომელიც. უნდა აიღოს თავისი წვლილი პასუხისმგებლობა აუცილებლად იუსტიციის მინისტრმაც. თქვენ თუ გინდათ თქვათ, რომ რაღაც გააკეთეთ და ამით მორჩეს, რატომ არ არის დაჭერილი გიჩო მარგველაშვილი? რატომ არ წაუყენეს ბრალი ზაუტაშილს? ვინ არის დამკვეთი? რა დონის დამკვეთია ეს, რომ ასე აფარებს ხელს. სალია კონცერტებს ესწრებოდა და გვიყვებოდა ზღაპრებს, რომ თურმე რა კარგი მდგომარეობაა ციხეში, ამ დროს იცოდა, რომ ადამიანი იყო ნაცემი. პაატა სალიას ვურჩევდი, რომ თვითონ დატოვოს სამსახური, - ამბოს ფეიქრიშვილების დედა.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.