"გიორგი პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, ბრალი ფანტასტიკის ჟანრიდანაა" - ვატო ყიფიანის ადვოკატი
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - ვატო ყიფიანის ადვოკატი ახალ ბრალს ფანტასტიკის ჟანრს და დავით ფეიქრიშვილის მიერ დადგმულ სცენას უწოდებს.
უფლებადამცველი მარიკა ფხალაძე ამბობს, რომ მისიდ აცვის ქვეშ მყოფები განმარტებას, სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ.
ადვოკატი პროკურატურის ვერსიას, რომ ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით კონკრეტული პატიმრები დავით ფეიქრიშვილს საკანში შეუსახელს, კეტეგორიულად უარყოფს.
"გიორგი პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ" - ამბობს ვატო ყიფიანის ადვოკატი.
ბრალი, რაც წარდგენილია, არის დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი, დადგმული სცენა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ.
პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, მაგრამ დეტალების განხილვაში ვერ შევალთ. თვითონ გააკეთეს კომენტარი იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რაც მათი ინტერესებისთვის შედიოდა და სჭირდებოდათ; დაცვის მხარეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უნდა გავჩუმდეთ, კი ბატონო, ამ ეტაპზე ჩუმად ვართ. დანარჩენს მოისმენთ და დარწმუნებით, რომ ყველაფერი ფეიქრიშვილის სცენარზეა აგებული“,- განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.