პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები სამართლიან საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ
საყოველთაო ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი - ამ მოთხოვნით პარლამენტს ადვოკატები და მსჯავრდებულების ოჯახის წევრები მიმართავენ.
მათი სურვილია, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის იმ პატიმრების საქმეებს, ვინც რეალურად აკმაყოფილებს ამნისტიის კრიტერიუმებს და მათ მიმართ გარკვეული შეღავათები ამოქმედდეს.
მსაჯვრდებულების ოჯახის წევრები იმ მძიმე პირობებზეც საუბრობენ, რომლებიც მათი თქმით, ციხეების გადატვირთულობის გამოს ხდება.
ინდივიდუალურად ყველა ქეისი განიხილონ და შეუმსუბუქონ, ან გაათავისუფლონ პატიმრები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონმორჩილი, წესების დამცველი პატიმარი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს, - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი.
უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის პატიმარი ჰყავს, რისთვისაც სათანადო პირობები არ არის.
ყოველდღიურად გვესმის პატიმრების გაჭირვება პენიტენციური დაწესებულებიდან და ჩვენ, ადვოკატებმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად და ვითხოვთ მხოლოდ ერთს, მოხდეს სამართლიანი და საყოევლთაო ამნისტია. ყველას უნდა შეეხოს რაღაც ოდენობით სასჯელის ჩამოკლება, ზოგს რამდენიმე წელი, ზოგს მეოთხედი, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი გათავისუფლდნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
მათ პარლამენტს 3 კვირიანი ვადა მისცეს, რომ საყოველთაო ამნისტიაზე მუშაობა დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.