ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს გადახედოს
საქართველოში მედიის უფლებებზე მომუშავე „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეცვალოს აკრედიტაციის წესი, რომლითაც მუშაობის უფლება არაერთ ჟურნალისტს სხვადასხვა მიზეზით შეუჩერეს.
მათი თქმით, ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს.
დღეს პარლამენტმა ერთი თვით, 16 დეკემბრამდე, შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნინუცა კეკელიას. თავისი გადაწყვეტილების მტკიცებულებად პარლამენტის აპარატის უფროსი 14 ოქტომბერს „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტზე უთითებს და წერს, რომ ჟურნალისტმა აკრედიტაციის წესის ის მუხლი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. ამჯერადაც უცნობია, თუ ვინ მიმართა პარლამენტის აპარატს ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიით.
პარლამენტმა მსგავსი მიზეზით ივნისში 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ფორმულას” ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს.
ივნისშივე, პარლამენტმა სხვადასხვა ვადით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს – ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილს და მაკა ჩიხლაძეს, ხოლო 12 ნოემბერს, ერთი თვით – ხატია სამხარაძეს.
ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს. როდესაც ჟურნალისტები ვერ სვამენ შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს საზოგადოება, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.