სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში - პოლიცია იძიებს - აფარებდნენ თუ არა აღმზრდელები ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?

18.11.26 16:10
სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში - პოლიცია იძიებს - აფარებდნენ თუ არა აღმზრდელები ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, პოლიციას მშობელი დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.

მედიაში გავრცელებული ცნებებით, სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს.

მსგავსი სიახლეები