FBI-ის კრიმინალური მონაცემების ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა - ბიურო მომხდარს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიმინალურ მონაცემთა ბაზაზე სავარაუდო კიბერშეტევას იძიებს. CNN-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა კრიმინალური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის — NCIC-ის სისტემაში შეღწევა მოახერხეს. მონაცემთა ბაზას ამერიკის მასშტაბით სამართალდამცავი უწყებები ძებნილი პირების, დაკავების ორდერებისა და კრიმინალური ჩანაწერების შესამოწმებლად იყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის ინფორმაციაზე მოიპოვეს თავდამსხმელებმა წვდომა.
ეს ბოლო რამდენიმე თვეში FBI-ის სისტემებთან დაკავშირებული კიბერშეტევის უკვე მეორე შემთხვევაა. სექტემბერში ჰაკერულმა დაჯგუფება ShinyHunters-მა ბიუროს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. მაშინ კიბერდამნაშავეების სამიზნე FBI-ის დასაქმების ვებგვერდი გახდა.