საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

23.11.26 13:51
საპატრაირქო ადასტურებს, რომ სუროგაცია საქართველოში მათი მხარდაჭერით აიკრძალება

საქართველოს საპატრიარქო სუროგაციის სრულ აკრძალვას მიესალმება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სუროგაცია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მიუღებელია და ადამიანის სხეულის ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის რისკებს შეიცავს. მისი თქმით, საკითხზე ხელისუფლებასთან კონსულტაციების დაწყება კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავრობას შესაბამისი საკითხი უკვე შესწავლილი ჰქონდა. 

საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიქინგთან, როდესაც ხდება ადამიანის სხეულის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება და ძალიან მძმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები. ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარო ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. 

პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე. 

დეკანოზი ამბობს, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრებაზეც მსჯელობს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიმდინარეობს დიალოგი და არსებობს მოლოდინი, რომ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მოსაწესრიგებლად დამატებითი რეგულაციები შემუშავდება. 

ვლაპარაკობთ კაზინოების თემაზეც, აზარტული თამაშების თემაზეც ვლაპარაკობთ. სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასთან და იმედისმომცემია მათი დამოკიდებულება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ მივიღებთ რაღაც რეგულაციებს კიდევ,რ ომელიც ამ ბიზნესს კიდევ უფრო მოაწესრიგებს, - ამბობს დეკანოზი. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

 

მსგავსი სიახლეები