„სუროგაციის აკრძალვით უშვილო ოჯახებს ბოლო იმედს ართმევენ“ - გინეკოლოგი ნიკო ქორიძე

23.11.26 17:32
„სუროგაციის აკრძალვით უშვილო ოჯახებს ბოლო იმედს ართმევენ“ - გინეკოლოგი ნიკო ქორიძე

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას გინეკოლოგი ნიკო ქორიძე ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას საკითხის სპეციალისტებთან განხილვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, სუროგაციის გზით კი დაახლოებით ათასი ბავშვი იბადება.

ექიმის თქმით, სრული აკრძალვა განსაკუთრებით იმ ოჯახებს დააზარალებს, რომლებისთვისაც სუროგაცია შვილის ყოლის ერთადერთი შესაძლებლობაა. ქორიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვის ნაცვლად შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის გამკაცრება.

საქართველოში შობადობა ყველაზე მაღალი ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო 2014 წელს და 60 ათასი შობადობის მაჩვენებელი, ხოლო იმის შემდგომ ყოველწლიურად მცირდება და 2024-დან მაგალითად, 2025 წლამდე 4%-ით შემცირდა და იყო 37 ათასი. წარმოიდგინეთ, როგორ არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი უტოლდება 2013 წლის მაჩვენებელს, როცა მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო საქართველოში. შეზღუდვა, თან ასე ხელაღებით აკრძალვას, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები და უნდა იყოს გარკვეული დისკუსიები სპეციალისტებთან, რის შემდგომაც შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება. სუროგაციის შედეგად საქართველოში ათასამდე ახალშობილი იბადება. ძალიან ბევრი ქართველი სარგებლობს ამ სერვისით, გარშემო მყავს ბევრი მსგავსი ოჯახი, რომელსაც შვილი სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰყავდათ და ამ გზით, ამ სერვისით ისარგებლეს და ეყოლათ ჯანმრთელი ახალშობილი. ოჯახებისთვის, რომელთათვისაც ბოლო იმედი იყო სუროგაცია, ფაქტობრივად, უკეტავთ გზას ან მსგავსი ტიპის სერვისი უნდა ეძებონ საზღვარგარეთ ბევრად უფრო ძვირად, - ამბობს ნიკო ქორიძე. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა, შიო მესამე სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას "ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად" აფასებს.

მისივე თქმით, სასულიერო პირები და მრევლი ამ გადაწყვეტილებით მოხარულები არიან და ლოცულობენ, რომ მისი განხორციელება და ბოლომდე მიყვანა წარმატებით მოხდეს.

პატრიარქის თქმით,  ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორმხრივი ურთიერთობა და საუბრები როგორც სუროგაციის პრობლემაზე, ისე სხვა მიმდინარე საკითხებზე.

 

მსგავსი სიახლეები