ეს უბინძურესი კამპანია შეიძლება დასრულდეს ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით - თორნიკე რაზმაძე
თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ (AI) გამოყენებით შექმნილი ვიდეოებით, რომლებშიც ის თითქოს ნარკოკურიერად მუშაობას ითხოვს ან სადარბაზოში ნარკოტიკს ტოვებს, მის მიმართ ახლა უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანია მიმდინარეობს.
რაზმაძის თქმით, ეს კამპანია ახლა შეიძლება ორი სცენარით დასრულდეს - "ერთი შეიძლება დასრულდეს ამ ყველაფრის გაგრძელებით და ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით, ან არ ვიცი, რაღაცა მსგავსი ფორმით, ან როგორც მინიმუმ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე".
უკვე რამდენიმე დღეა ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს უბინძურესი პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის სახე მიიღო. თავიდან დაიწყეს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების გავრცელება. თავიანთი, „ქართული ოცნების“ ტროლ-პეიჯებით, რომლებიც ცდილობდნენ იმის ჩვენებას, თითქოს მე ნარკორეალიზატორი ვარ. ბოლო წუთებში დაიწყო ასევე ღია ჯგუფებში ჩემი ტელეფონის ნომრის დადება, როგორც ვითომდა ნარკორეალიზატორის, რომ ამ ნომერზე დაუკავშირდითო. და ანუ სრულმასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს უბინძურესად ჩემს წინააღმდეგ. გვერდზე დაიდო ვიდეო, ძველი, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ვიდეო და ახლა ამტკიცებს პროპაგანდისტული საშუალებებით, თითქოს მე განვათავსე ეს ვიდეო და თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებულმა გვერდმა განათავსო. ანუ დაკავშირებულს ეძახიან იმას, რომ ის გვერდი აზიარებდა ჩემს ვიდეოებს. მე დავთაგე შესაბამის პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროც, ახლა თუ უნდათ რამის გაკეთება, ესეც საკმარისია, მაგრამ დიდი იმედი რა თქმა უნდა არა მაქვს. ცნობილი, ეგრეთ წოდებული მარგარიტა სიმონიანისთვის გინების საქმის შემდეგ, რომ ძალიან გაბრაზდნენ ჩემზე. ეს არის სამაგიერო ერთგვარი, რაც ორ ვარიანტს ვხედავ: ერთი შეიძლება დასრულდეს ამ ყველაფრის გაგრძელებით და ჩემი ანგარიშსწორებით ან რაღაცის ჩადებით, ან არ ვიცი, რაღაცა მსგავსი ფორმით, ან როგორც მინიმუმ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.
მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.