ზელენსკი: რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება - მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ

24.11.26 10:37
ზელენსკი: რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება - მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, საჰაერო განგაშის სიგნალებს სათანადო ყურადღება მიაქციონ.

საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედების“ გამოყენების გეგმების შესახებ.

„ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ 23 ნოემბრის საღამოს მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გამკაცრება, ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.