მერია მთაწმინდაზე ავტომობილების გადაადგილების მარშრუტს ცვლის
თბილისის მერია მთაწმინდის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილების ახალი სქემების შემუშავებას გეგმავს. ცვლილებები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სატრანსპორტო სქემასთან იქნება თავსებადი.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოძრაობის ახალი წესების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების სპეციფიკა.
„ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.
ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა და უკუმიმართულებით გადაადგილება გახდება შესაძლებელი. ამასთან, მთაწმინდიდან ჩამომავალ მძღოლებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისთვის თავისუფლების მოედნამდე მისვლა აღარ დასჭირდებათ.
რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის სრულად ამოქმედება საახალწლო პერიოდის შემდეგ იგეგმება.