"რადიო თავისუფლება": ვაკეში მუნის შემთხვევები გამოვლინდა
თბილისში ვაკეში მდებარე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 55-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით - კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს... გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო... მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“ - უთხრა რადიო თავისუფლებას 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიშვილმა.
მისი ცნობით, მუნი დაუდასტურდა სამ ბავშვს. დირექტორი ამბობს, რომ ეს სამივე ბავშვი სხვადასხვა კლასში სწავლობენ და მათ ერთმანეთთან კვეთა არ აქვთ.