რატომ დავთანხმდით, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო? “დიფ-სტეიტმა“ დაგვაძალა? - ჯავახიშვილი ბათუმში ჩატარებულ მატჩზე

27.11.26 14:39
რატომ დავთანხმდით, ჩვენს სტადიონზე გამართულიყო? “დიფ-სტეიტმა“ დაგვაძალა? - ჯავახიშვილი ბათუმში ჩატარებულ მატჩზე

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი ბათუმის სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მომხდარი დიდი ალბათობით პროგნოზირებადი იყო და სახელმწიფო უწყებების პრევენციულ მზადყოფნასა და კრიზისების მართვის უნარზე კითხვებს აჩენს.

ჯავახიშვილი სვამს კითხვას, რატომ დათანხმდა მხარე მატჩის ბათუმის სტადიონზე გამართვას და ირონიულად ახსენებს „დიფ-სტეიტს“. დიპლომატის თქმით, პრობლემა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების ქმედებებში კი არა, სახელმწიფოს ინსტიტუციურ სისტემაშია.

„ბათუმის სტადიონზე განვითარებულმა მოვლენებმა ჩემში, გაბრაზებისა და აღშფოთების ნაცვლად, უცნაური თანაგრძნობა, მომავლის შიში და დაუცველობის განცდა გააჩინა.

უნებლიეთ გამახსენდა ბავშვობის ზღაპრის ბაქია კურდღელი და ის მამალი, საკუთარ ეზოში რომ ყოყლოჩინობს, სუსტებს ბიბილოზე ექაჩება, ხოლო ძლიერის გამოჩენისას ყივილიც ავიწყდება.

რას გვეტყოდა მაკიაველი მმართველზე, რომელიც სიმტკიცეს მხოლოდ სუსტებთან ავლენს, ძლიერებთან კი საკუთარი ავტორიტეტის დაცვა უჭირს?

ბათუმის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა არა იმდენად ცალკეული პოლიციელების მოქმედებაზე, რამდენადაც სახელმწიფოს ინსტიტუციურ მზადყოფნასა და კრიზისების მართვის უნარზე. ეს ინციდენტი ხომ ძალიან დიდი ალბათობით იყო პროგნოზირებადი, მეტი ვერ შევძელით? ან რატომ დავთანხმდით ჩვენს სტადიონზე გამართულიყო ეს მატჩი? „დიფ-სტეიტმა" დაგვაძალა?

სახელმწიფოს სიძლიერე უპირველეს ყოვლისა, იმითაც ფასდება, რამდენად მდგრადია მოულოდნელი გამოწვევებისა და გარე მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ. წყალდიდობა იქნება, მეწყერი, პოლიტიკური პროვოკაცია, საერთაშორისო ინციდენტი თუ ათასი ჯურის სხვა კრიზისი - მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის უკან დგას კომპეტენტური, წინდახედული და ღირსეული სახელმწიფო, რომელსაც საფრთხეების წინასწარ შეფასება, მათი პრევენცია და კრიზისზე პროპორციული რეაგირება შეუძლია.

ეს მაფიქრებს ყველაზე მეტად: რამდენად დაცულები ვართ, როდესაც მორიგი, შესაძლოა გაცილებით სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით? რადგან, ეს არაა ბანალური და არც ერთჯერადი და ნულოვანი განვითარების ინციდენტი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

სახელმწიფო გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე მისი დროებითი მმართველები. მისი ავტორიტეტი არც სუსტის მიმართ სიმკაცრით იქმნება და არც ძლიერის წინაშე დათმობით. იგი კომპეტენტურობით, კანონის უზენაესობით, მისი თანაბარი აღსრულებით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით მტკიცდება.

ამიტომ ბათუმის მოვლენებმა ჩემში ბრაზზე მეტად სიბრალული, ხოლო სიბრალულზე მეტად მომავლის შიში გააჩინა.

უკვე მერამდენედ, არ გიჩნდებათ დაუცველობის განცდა? არც ვინმეს განკითხვისთვის ან დამუნათების, ან ნიშნის მოგებისთვის ვამბობ, მაგრამ განცდა მაქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ და საუკეთესო გამოსავლის მზა რეცეპტიც რომ არ გვაქვს, ეს მაღონებს“- წერს გოჩა ჯავახიშვილი.

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები