რა ბედი ელის 21-ე სკოლას - მშობლების თქმით, ალტერნატიულ ფართში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყვეს

28.11.26 15:39
რა ბედი ელის 21-ე სკოლას - მშობლების თქმით, ალტერნატიულ ფართში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყვეს

რა ბედი ელის 21-ე სკოლას - მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყვეს და განათლების სამინისტროს მხრიდან მათთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„პირველებთან“ საუბარში მშობლები აღნიშნავენ, რომ სამინისტროსთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებით, შენობის შეცვლა არა მომდევნო სემესტრიდან, არამედ 2027-2028 სასწავლო წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეებს ხელთ ექნებოდათ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა.

მშობლების თქმით, შეთავაზებული შენობის დათვალიერების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ფართი სკოლის მასშტაბებს არ შეესაბამება — საჭირო 60 ოთახის ნაცვლად, ადგილზე მხოლოდ 30 ოთახია და ამ ეტაპზე იქ არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული.

„მეორე სემესტრთან დაკავშირებით არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ასე სწრაფად მოხდება სკოლის შენობის შეცვლა. ველოდით ექსპერტიზის პასუხს. ჩვენ რაც დავინახეთ, პირველი — არ შეესაბამება სასწავლო პროცესის საბაზისო მოთხოვნებს და საჭიროებს მნიშვნელოვან გადაკეთებას, თუ საერთოდ შესაძლებელია გადაკეთება; სკოლის მასშტაბებს არ შეესაბამება — არის 30 ოთახი, ჩვენ გვჭირდება 60 ოთახი; და მესამე — ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ამ ეტაპისთვის, რა მდგომარეობაშიც არის შენობა, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები“, — ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლები ითხოვენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იყოს ერთპიროვნული და საექსპერტო სამუშაოებში მათი წარმომადგენელიც ჩაერთოს.

„შეთანხმება იყო 2027-2028 წლების სასწავლო წელს, შესაბამისად, მეორე სემესტრი ნახსენები არ იყო — ეს შეთანხმებაც დარღვეულია. ამ შენობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვატყობინეს გუშინ, რომ გუშინ მოძებნეს, ჩვენ კი ამ შენობაზე ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს ოქტომბრის დასაწყისში, მინისტრმა კი აღნიშნა, რომ წინა კვირას მოძებნა. სასწავლო პროცესი უნდა განახლებულიყო ალტერნატიულ ფართში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარეს ხელთ გვექნებოდა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასკვნა არ აქვთ“, — აცხადებენ მშობლები.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21-ე სკოლის მოსწავლეები, შესაძლოა მომავალი სემესტრიდან, ალტერნატიულ  ფართში გადაიყვანონ, განათლების მინისტრმა დღეს გააჯღერა.

როგორც გივი მიქანაძემ თქვა, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ახალი შენობა ჯიქიას ქუჩაზეა შერჩეული.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ შენობა უკვე ნახეს მოსწავლეების მშობლებმა და მასწავლებლებმაც, თუმცა, საბოლოო პასუხზე ჯერ კიდევ ვერ შეჯერდნენ.