„იანდექსის“ მრავალმილიონიანი ბიზნესი და კავშირები სახელისუფლებო წრეებთან – ჟურნალისტური გამოძიება და უსაფრთხოების რისკები
საქართველოში რუსული „იანდექსის“ მრავალმილიონიან საგადახდო ბიზნესსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ბიზნესკავშირებზე „რადიო თავისუფლება“ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.
გამოცემის მიერ მოპოვებული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, 2026 წლის სექტემბრიდან „იანდექსის“ საბარათე გადახდებს კომპანია „ქიფზი“ ემსახურება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვახტანგ თურნავა იყო. დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ნათესავია.
მანამდე აღნიშნულ მომსახურებას ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის ოჯახის კომპანია „ვიპ ფეი“ ახორციელებდა. ყეინიშვილის შესაძლო უკანონო ბიზნესსაქმიანობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თავად ყეინიშვილმა კი ეროვნული ბანკი დატოვა.
ვახტანგ თურნავა აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიზნესი დატოვა. „იანდექსის“ წარმომადგენლობა კი საგადახდო პროვაიდერის შეცვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ კომპანია რამდენიმე პროვაიდერთან თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს 2025 წლის მონაცემებით, „იანდექსის“ წილი თბილისის, ბათუმისა და რუსთავის ტაქსით მომსახურების ბაზარზე 40%-ს აღემატება.
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი „იანდექსის“ სახელისუფლებო წრეებთან კავშირებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს და პერსონალური მონაცემების შესაძლო ბოროტად გამოყენების რისკებზე საუბრობს.
იმ მოცემულობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, იანდექსის დაკავშირება სახელისუფლებო წრეებთან ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ წვდომა არა მხოლოდ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში, დეპუტატები იქნებიან ეს თუ სხვა მაღალი ჩინის და რანგის წარმომადგენლები, მათ შეიძლება, და გვაქვს ამის ეჭვები, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ასე შეიძლება, მოიქცნენ, ჩაიდინონ რაიმე ისეთი, რაც მთლად კანონიერების ფარგლებს არ სცდება, თუმცა არ არის, ვთქვათ, ეთიკური, მორალურად გამართლებული და ამით დააზარალონ საქართველოს მოქალაქეები. იანდექსი არის რუსეთის ხელისუფლებასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდგომი კომპანია, რომელსაც აქვს ინტერესების ტექნოლოგიებში და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ტექნოლოგიების დეფიციტს ცალსახად განიცდის და მათ უნდათ ასეთი ტიპის ბაზრების ათვისება, საიდანაც შემდეგ შეუძლიათ, რომ ტრანზიტი გააკეთო, მათ შორის მონაცემთა ბაზების, რომელიც შეიძლება, არ იყოს მხოლოდ ქართული და შეიკრიბოს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის და მერე გაიგზავნოს რუსეთში. მარტივად რომ ვთქვათ, იანდექსი, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი და პირდაპირი საცეცი რუსეთის ხელისუფლებისა, რომელიც ეხმარება რუსეთს იმაში, რომ უკრაინაში ომში გამარჯვებული რუსეთი გამოვიდეს და ახლა, გვინდა თუ არა, რომ ასეთი კომპანია საქართველოში ოპერირებდეს, მემგონი, აქ პასუხი ცალსახაა, რომ "არა, არ გვინდა". თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს უდნათ ეს ყველაფერი და კარგად აკეთებენ აქედან ფულს, - ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ის ფაქტები, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" გამოიძია, გამოძების დაწყების საფუძველია. მათი თქმით, საქმე ელიტურ კორუფციას უკავშირდება.