დერეფანში შიშველი დააყენა, სავარცხელი დაარტყა, ჩაი გადაასხა... - როგორ სჯიდნენ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში

23.12.21 10:19
დერეფანში შიშველი დააყენა, სავარცხელი დაარტყა, ჩაი გადაასხა... -  როგორ სჯიდნენ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში

სახალხო დამცველის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ცნობილია - 40-გვერდიან დოკუმენტში დასჯის ის მეთოდებია აღწერილი, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები იყენებდნენ. 

ირკვევა, რომ პანსიონში ძალადობის სხავადასხვა ფორმა გამოიყენებოდა - ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების "მომზადება" სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები - "აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის".

სახალხო დამცველის უმწვავესი ანგარიშის თანახმად, პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას. ნინო ლომჯარიას აპარატი ფიზიკურ ძალადობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ომბუდსმენის წარმომადგენლებთან საუბრისას აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. 

"ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა... 

ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. 

როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. 

აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: "საქონელი", "ქუჩიდან მოთრეული", "დედისგან მიტოვებული". 

ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. 

დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. 

ერთ-ერთი აღსაზრდელი ამბობს, რომ 10 მეტანიის გაეკეთება მხოლოდ იმიტომ მოსთხოვეს, რომ თამაშისას ბურთი შემთხვევით ფანჯარას მოახვედრა. 

ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი აღსაზრდელი, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას. 

დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“- წერია ანგარიშში.

როგორც ირკვევა, „როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ“ 

სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ

 

 

მსგავსი სიახლეები