ერთხელ მაინც გინანიათ, რაც ჩაიდინეთ? - მირანდა ბაღათურია ბრალდებულებს

24.12.21 14:33
ერთხელ მაინც გინანიათ, რაც ჩაიდინეთ? - მირანდა ბაღათურია ბრალდებულებს

დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. მინდა, რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ, რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას? -  ამ სიტყვებით მიმართა "ტვ პირველის" კორესპონდენტმა,  5 ივლისის დაზარალებულმა, მირანდა ბაღათურიამ, ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს.

დაზარალებული  ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოში  მოწმის სახით აძლევს ჩვენებას. საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს

ბაღათურიამ პროცესზე 5 ივლისს მასზე და მის ოპერატორ, ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

როცა შემოიჭრნენ, ვერ შეგვამჩნიეს, კიბის კუთხეში ვიყავით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არავისთვის კითხვა არ დამისვამს, არავისთვის მიკროფონი არ მიმიშვერია, ვიცოდი, რომ გაღიზიანებულები იყვნენ და ვცდილობდი, ხმა არ ამომეღო. ლექსოს ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, ერთ-ერთს ჰქონდა ხელი გადაჭრილი, მოატრიალა კამერა, რომ გადაეღო, ამ დროს ამ ადამიანებმა აღიქვეს, რომ ჩვენ ვუღებდით, მაშინვე დაიწყო აგრესია, ნუ გვიღებთო. მე და ლექსო შუაში მოგვიქცეს, იყო ქაოსი, ვინ საიდან გვეჯაჯგურებოდა, არ ვიცი, პირველი სამიზნე იყო ლექსო, რადგან იღებდა, თუმცა პირველი ძალადობა იყო ჩემზე, მისი ამოცნობა არ შემიძლია. ლექსო გარდა იმისა, რომ ოპერატორია, ის კაცია და უთხრა, რას აკეთებთ, ჟურნალისტია, გოგოაო.

სამიზნე იყო ლექსო და ტექნიკა, ლექსოც და მეც წინააღმდეგობას ვუწევდით, ვცდილობდი, ამ ადამიანებისგან თავი დამეღწია, ლექსო ჰაერში აიტაცეს, აპარატურას, კამერას ხსნიდნენ და მისი მტვრევა დაიწყეს, ფეხებს, ხელებს ურტყამდნენ, 51 კილო ვარ და მთელი ძალით ვურტყამდი ყველას წიხლებს, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა, ვერაფერი გავაკეთე. ლექსო ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, განწირულად ვყვიროდი, ჩემ გაჩუმებას ცდილობდნენ. არც ერთი წამით არ გვიშვებდნენ....

დღეს ლექსოს მაისური ჩავიცვი. ეს მაისური მხოლოდ დაკრძალვაზე მეცვა, მინდა, რომ ამ ადამიანს უყუროთ, ერთხელ მაინც გინანიათ, რაც ჩაიდინეთ? ბრალდებულების მხრიდან არაერთხელ გამიგია, რომ ისინი ქვეყანას იცავდნენ, მაინტერესებს, ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?",- განაცხადა ბაღათურიამ.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. 

ჰომოფობიურ და ძალადობრივ კონტრაქციებზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში დედამ გარდაცვლილი ნახა.