ციხეში წასვლაც რომ მომიწიოს, კლუბის დალუქვის უფლებას არ მივცემ - ნაჯა ორაშვილი
შტურმი ღამის კლუბებზე - ,,ბასიანი" დალუქვის მოლოდინშია, კლუბის ხელმძღვანელობას გაფრთხილება უკვე მისცეს. გასართობი დაწესებულების მიმდებარედ უამრავი ადამიანია შეკრებილი, ღამის 12 საათზე კლუბში ღონისძიება იწყება, რომელსაც ჰოლანდიიდან ამ დღისთვის სპეციალურად მოწვეული მუსიკოსი გახსნის.
კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ შრომის ინსპექტორთან ერთად 400 გვერდიანი დოკუმენტი, პროტოკოლი, შეადგინეს, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო გასართობ დაწესებულებაში ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან კლუბების გახსნის ნებართვას მიიღებდნენ, თუმცა ამაოდ. დღეს ისინი დაუმორჩილებლობას აცხადებენ.
თავისუფლების აღკვეთადაც რომ დამიჯდეს და ციხეში წასვლაც რომ მომიწიოს, კლუბის დალუქვის უფლებას მაინც არ მივცემ. მათ ჰქონდათ ორად ორი არჩევანი, გაეტარებინათ ზრუნვის პოლიტიკა, ან აერჩიათ სადამსჯელო ღონისძიება. მათ მეორე აირჩიეს, იმის მიუხედავად, რომ თავად აორგანიზებენ ფართომასშტაბიან ღონისძიებებს და საახალწლო ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი - აცხადებს ,,ბასიანის" მფლობელი ნაჯა ორაშვილი.
თბილისში ერთმანეთის მიყოლებით დალუქეს ღამის კლუბები, რომლებსაც მთავრობა გახსნას 17 დეკემბერს დაპირდა, თუმცა გადაიფიქრა.
შრომის ინსპექციის თანამშრომლები ქუჩა-ქუჩა დადიან და დაწესებულებებს დიდ ბოქლომებს ადებენ.