შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

25.12.21 12:09
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.