"მან ყველასთვის გაწირა თავი" - გარდაცვლილი ზურაბ ქირიას მეუღლე

23.01.22 12:25
"მან ყველასთვის გაწირა თავი" -  გარდაცვლილი ზურაბ ქირიას მეუღლე

გარდაცვლილი დევნილის, ზურაბ ქირიას მეუღლე იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ნანა ახალაია ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისმა მეუღლე თავი მოიკლა, სოციალური უსამართლობა იყო. მისი თქმით, სწორედ უიმედობის და უსამართლობის გამო გადადგა ზურაბ ქირიამ ეს ნაბიჯი.

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ რაკიღა  წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, ხელისუფლებას მათი პრობლემა იგნორირებული ჰქონდა და ბინის მიმღებთა სიაშიც კი არ ჰყავდა შეყვანილი.

ოჯახი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს და სხვა დევნილებთან ერთად მათი ბინით დაკმაყოფილებასაც ითხოვს.

ეს გააზრებული ჰქონდა, დაგეგმილი ჰქონდა და ის ნამდვილად ისეთ სულის ადამიანი იყო, ისეთ ძლიერი პიროვნება იყო, ამას არ იზამდა არანაირი ფსიქიკური აშლილობის გამო. ეს მან გააკეთა ჩვენი ოჯახის, ჩემი შვილის გამო და არა მარტო, ყველასთვის. ის ყველასთვის გაწირავდა თავს და მართლაც გაწირა თავი. მე მინდა რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ასე. ჩემმა მეუღლემ განისვენოს მისი სული იქ, სადაც არის. დაგვეხმაროს მთავრობამ, აქ მართლა შეუძლებელია ცხოვრება, - ამბობს ნანა ახალაია.

დევნილთა საცხოვრებელზე ამ დრომდე გადმოკიდებულია წარწერა "იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ". სწორედ ეს არის ლოზუნგი, რომლის გარშემოც ახლა დევნილები ერთიანდებიან. დევნილები პირველ მასშტაბურ აქციას ხვალ გამართავენ.

 

 

მსგავსი სიახლეები